პარლამენტმა საარჩევნო სიების დაზუსტებაზე ცვლილება მიიღო

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წინადადების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების წინ საარჩევნო სიების დაზუსტების ახალი მექანიზმების შექმნას შეეხება. ამ მიზნით მთავრობა 3,5 მლნ ლარს გამოყოფს.


“მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მოამზადა სიები ოლქების მიხედვით, მათში მაინც ძალიან ბევრი ხარვეზია და ამდენად დღის წესრიგში დგება სიების გადამოწმების აუცილებლობა და ეს მანამ უნდა გავაკეთოთ, სანამ საარჩევნო პროცედურები ოფიციალურად დაიწყება“, – განაცხადა თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ  პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც პარლამენტის სესიაზე შესაბამისი ცვლილებები წარადგინა.


კანონპროექტის მიხედვით, ივლისში ორი კვირის ვადით (თუმცა შესაძლოა საჭიროებებიდან გამომდინარე ეს ვადა გაიზარდოს) შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უბნების მიხედვით ‘კარდაკარ’ გადაამოწმებენ სიებს და ამ ინფორმაციას სიების კორექტირების მიზნით საოლქო კომისიებს მიაწვდიან. ე.წ სპეციალურს ჯგუფებში, საუბნო კომისიების იდენტურად, წარმოდგენილი იქნებიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. თითოეულ უბანში სამი ასეთი ჯგუფი იმოქმედებს.


“სიების დადგენა საერთო ინტერესია და მოვუწოდებ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთად მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა 30 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.



 

Exit mobile version