ანთაძე მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა

28 ივნისს მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მერაბ ანთაძესა და მის რუს კოლეგას  გრიგორი კარასინს შორის.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და კონსულტაციების გაგრძელების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.


“გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლეს [პრეზიდენტების] დონეზე დაწყებული დიალოგისა, კვლავ კეთდება ისეთი განცხადებები, რაც ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი/საქართველო კონფლიქტების საბოლოო დარეგულირების მექანიზმების წინასწარ განსაზღვრის აშკარა მცდელობას წარმოადგენს“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია “მსგავსი განცხადებების ფორმა და შინაარსი”.

Exit mobile version