შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ცხინვალში იმყოფება და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ მინძაევთან ერთად შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრას ესწრება.
ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნეს, რომ დღევანდელი შეხვედრა “გარდამტეხი” უნდა გახდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
სამხრეთ ოსეთის მხარე მიესალმა მერაბიშვილის და მინძაევის შეხვედრას.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს პრობლემები არ ექნებათ, თუ იქნება მაღალი დონის კონტაქტები [ქართველ და ოს] სამართალდამცავებს შორის… მინდა განვაცხადო, რომ ეს დღე უნდა გახდეს გადამწყვეტი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისთვის ერთობლივი ნაბიჯების მოსაძებნად”, – განაცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა.
“დღევანდელი შეხვედრა იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა მოგვარდეს კონფლიქტის ზონაში არსებული პრობლემები”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე როსტოვცევი, ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მურატ ტხოსტოვი და ჩრდილოეთ ოსეთის შს მინისტრის მოადგილე სოსლან სიკოევი. შეხვედრას ასევე ესწრებიან ეუთოს წარმომადგენლები.
დღესვე იგეგმება ვანო მერაბიშვილის და მიხეილ მინძაევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები ერთად მოინახულებენ ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს.