ბეჟუაშვილი: საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის მოადგილის უილიამ რემსის განცხადებით, რეალური შანსები არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი პროექტები განხორციელდეს, მათ შორის ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. 
 
ამის შესახებ 21 ივნისს უილიამ რემსიმ თბილისში ევრაზიის ენერგოუსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, “ის, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნას მრავალი გაზსადენი გადაკვეთავს, მიანიშნებს მის მნიშვნელოვან როლზე“. 
 
“ჩვენ ვიყურებით წინ, ჩვენ ველოდებით, რომ  შაჰ–დენიზის პროექტიდან მიღებული იქნება დამატებითი გაზი. ჩვენ ველოდებით, რომ ალბათ ყაზახეთიდანაც გახდება შესაძლებელი გაზის ტრანსპორტირება და ალბათ დადგება დრო, როცა ტრანსკასპიურ გაზსადენზეც გახდება საუბარი შესაძლებელი“,  – განაცხადა უილიამ რემსიმ. 
 
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონფერენციაზე კონკრეტულ პროექტებზე იყო საუბარი. მისი თქმით, სხვადასხვა დონეებზე მუსირებს აზრი, რომ “ევროპა იყოს ბევრად უფრო უსაფრთხო [ენერგეტიკული თვალსაზრისით], ვიდრე არის დღეს და არ იყოს დამოკიდებული ერთ მიმწოდებელზე“. 
 
“ეს არის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის აუცილებლობაზე ჩვენ ვსაუბრობდით რამოდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა დღეს ინვესტორების მოზიდვა, რომ ეს პროექტი გახდეს რეალობა… დღეს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ევროპის მომავლის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ [საქართველოს] გვაქვს როლი აქ, ჩვენ შეგვიძლია ამ როლის შესრულება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ასევე ქვეყანას, რომელიც შედის სუამში [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი], რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ ევროპისათვის“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. 
 
მინისტრის თქმით, კონკრეტული პროექტების ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version