ამომრჩეველთა სიები შესაძლოა კვლავ არჩევნების მთავარ პრობლემად იქცეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ)19 ივნისს ამომრჩეველთა ერთიანი სიის პირველადი ვერსია გამოქვეყნა, სადაც 3 მლნ 200 ათასი, მათ შორის თბილისში – 922 ათასი, ამომრჩეველი ირიცხება.

სიები მოახლოებული ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოქვეყნდა, რომელიც, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ნოემბერში “ან ამ თვის გარშემო“ პერიოდში გაიმართება.

უხეში უზუსტობა ამომრჩეველთა სიებში 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ერთ–ერთი საშუალება იყო. ოპოზიცია დღესაც შიშობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა არაზუსტი სიებით არჩევნების შედეგებზე მანიპულირება მოახდინოს.

ის, რომ სიები არ არის მთლად ზუსტი და ბევრი ცდომილებაა მასში, თავად  ცსკ-ს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილიც აღიარებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ცსკ ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ინიციატივბით გამოდის. სიის პირველადი ვერსიები უკვე დაეგზავნათ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუმცა ამ ინიციატივას ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ცსკ-ს მხრიდან “პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობად“ აფასებს. 
 
სიების ძირითადი უზუსტობები კვლავ უკავშირდება ე.წ. ‘მკვდარ სულებს’, არასწორი საცხოვრებელ მისამრთებს და სხვადასხვა პიროვნებებზე ერთი და იგივე ნომრიანი პირადობის მოწმობების არსებობას. 


ცსკ-ს თავმჯდომარის განცხადებით, 15 ივლისიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება საკუთარი თავის შემოწმება ამომრჩეველთა სიაში. ამავე პერიოდიდან ცსკ-ში ცხელი ხაზი ამოქმედდება, რაც ამომრჩეველს საკუთარი თავის გადამოწმების საშუალებას მისცემს. ამომრჩევლის საბოლოო სია კი, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ივლისის ბოლოს იქნება მზად.


“დღეს საქართველოში ისეთი მიმართულებაა მიცემული, რომ თითქოს ამომრჩეველი უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარი თავის ყოფნაზე სიაში – ეს არის პრინციპულად მცდარი მიდგომა. სახელმწიფო და ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს გარანტი სიების სინამდვილის და სიზუსტის, რაც სამწუხაროდ ასე არ არის“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობის ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ.


მისი თქმით,  ყველაზე მართებული იქნებოდა საარჩევნო უბნების ადრიანად შექმნა და უშუალოდ მათი საშუალებით ამომრჩევლების საცხოვრებელი მისამართების მიხედვით გადამოწმება.


“ეს იქნებოდა რეალური ნება და რეალური სურვილი სიის დადგენის“, – განაცხადა თამარ ჟვვანიამ და დასძინა, რომ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები თავის მხრივ ეუთოს–თან თანამშრომლობით ახორციელებს ამორმჩეველთა სიების აუდიტს.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა დადებითად შეაფასა ცსკ-ს ინიციატივა სიების გადამოწმების მიზნით ცალკეულ პარტიებთან თანამშროიმლობის შესახებ და თავის მხრივ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის სხვა პარტიების მიერ დაწყებულ სიების გადამოწმების პროცესს შეუერთდეს. 


“თუ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა სიებზე მონიტორინგის ჩატარება, ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა მზად ვიქნებით მათთან ერთად გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა 19 ივნისს ცსკ-ში გამართულ შეხვედრაზე.


ცალკეული ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას აპირებენ, მაგრამ არა ნაციონალებთან თანამშრომლობით, არამედ ინდივიდუალურად.


“ნაციონალებს თუ სურდათ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა, მაშინ ყველაზე ობიექტური იქნებოდა საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩვენი [ოპოზიციური პარტიების] წარმომადგენლების ყოფნა და არა მარტო მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტება… სიების მთლიანად გადამოწმებას რამდენად შევძლებთ არ ვიცი, რადგან ამას დიდი რესურსები სჭირდება, თუმცა გადამოწმებას ვაპირებთ და არსებულ ცდომილებებეზე საზოგადოებას და ცსკ-საც მივაწვდით ინფორმაციას“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პარტია კონსერვატორების წევრმა კახა კუკავამ, თუმცა დასძინა, რომ გაუგებარია ცსკ-ს ინიციატივა მაშინ, როცა “სიების დაზუსტება სწორედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი კომპეტენციაა და პასუხისმგებლობა მას ეკისრება“.


19 ივნისს რესპუბლიკურმა პარტიამ ცსკ-ს თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც უკიდურესი შეშფოთებაა გამოთქმული მრავალი ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური, მათ შორის ამომრჩეველთა სიების პრობლემის გამო, რაც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.


“არჩევნებამდე დარჩენილი დროის მოკლე მონაკვეთისა და ჩვენთვის გადმოცემული სიების პირველადი ანალიზის შედეგად [რამოდენიმე თვის წინ ცსკ–მ პოლიტიკურ პარტიებს დაუგზავნა თბილისის რამოდენიმე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სიები] გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა… გაუგებარი ხდება, თუ რითი იყო დაკავებული საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი ორი წლის განმავლობაში და მეორეს მხრივ, შეუძლებელი ხდება ჩვენი ძალებითა და რესურსებით სიების გადამოწმება – ჩვენ ფაქტიურად ვდგებით ამომრჩეველთა ხელახალი, სრულმასშტაბიანი აღწერისა და სიების თავიდან შედგენის ამოცანის წინაშე“, – ნათქვამია პარტიის წერილში.


რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, საჭიროა მიმართვა საქართველოს პარლამენტისათვის, რათა მომავალი ადგილობრივი არჩევნების მოსამზადებლად დადგინდეს საუბნო და საოლქო კომისიების მუშაობის სპეციალური გრაფიკი. აქვე რესპუბლიკური პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას ხელი შეუწყოს “მიმდინარე წლის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენის – ადგილობრივი არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას“.


ახალი მემარჯვენეები და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს პარტიების წარმომადგენლები ეჭვით უყურებენ სიების გადამოწმების პროცესს და მათი შენიშნვების ცსკ-ში გაგზავნას, რადგან აცხადებენ, რომ “ცსკ-ს მხრიდან მათი შენიშვნების გათვალისწინების ნაკლები შანსია“, თუმცა ამ პროცესში ჩართვას აპირებენ.


“ჩვენ 2003 წელსაც წარმოვადგინეთ ჩვენი საშუალებით გადამოწმებული ამომრჩეველთა სიები, თუმცა ამით არავინ დაინტერესებულა“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ.


“ჩვენ პარტიას ყველა რეგიონში გააჩნია რაიონული ორგანიზაციები და მათი საშუალებით შევძლებთ სიების გადამოწმებას, ჩვენ შენიშვნებს კი ცსკ-ს და საზოგადოებას წარვუდგენთ“, – განაცხადა მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ. 


სიების გადამოწმების პროცესში ჩაერთვება თუ არა ლეიბორისტული პარტია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ და არ გამორიცხავენ, რომ თუ არ მოხდება საარჩევნო კოდექსის დახვეწა ადგილობრივ არჩევნებს საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადონ.


“სიების გადამოწმებაზე მუშაობა ნიშნავს, რომ ვერთვებით საარჩევნო პროცესში, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი მივიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა ლეიბორისტების წევრმა ჯონდი ბაღათურიამ.

Exit mobile version