დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ნატოსა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და “მოქნილობის” პარალელურად საქართველომ არ უნდა თქვას უარი ნატოში ინტეგრაციაზე და ამ გრძელვადიან პროცესში ტემპს არ უნდა უკლოს.
“დავუშვათ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში თუ იქნება 10–15 წლიანი გარანტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ჯარები არ განლაგდება და ამით რუსეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება, ამ ტიპის გადაწყვეტილებებში მიუღებელ კომპრომისს ვერ ვხედავ“, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა 19 ივნისს “სივილ ჯორჯიას“.
18 ივნისს ტელეკომპანია “იმედის“ კითხვაზე, რა მოხდება თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას მისცემს ნატოს წევრობის ამბიციების სანაცვლოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა: “ჩვენი მთავარი პრობლემა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვეუბნებით რუსეთს: მეგობრებო, თუ თქვენ ამ პრობლემას ჩვენთან ერთად მოაგვარებთ, გარწმუნებთ, რომ ყველა სხვა საკითხი არის ათჯერ და ასჯერ ნაკლებ მნიშვნელოვანი… თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რუსეთის დახმარებით, რა თქმა უნდა, მერე ამ საკითხს დავუბრუნდებით. ყველა შემთხვევაში ვიქნებით ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი“.
“პრეზიდენტის ამ განცხადებას მიუღებლად არ მივიჩნევთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც 13 ივნისს კონსერვატორულ პარტიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილს რუს კოლეგასთან შეხვედრამდე მოუწოდა არ წასულიყო კომპომისებზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის სანაცვლოდ.