ენერგოობიექტების პრივატიზაციის შედეგები გაურკვეველია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 ივნისს ტელეკომპანია “იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულმა სახელმწიფო ენერგოკომპანია “რაო ეესმა“ შეისყიდა საქართველოს რამდენიმე ენერგოობიექტი, ხოლო დანარჩენები დასავლურმა და ქართულმა კომპანიებმა იყიდეს.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ექვსი ჰიდროელექტროსადგურის და სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შესყიდვის მიზნით რვა კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადების განხილვა 16 ივნისს დაიწყო.


თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ 19 ივნისს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ხუთი დღე დარჩა , რათა პრივატიზაციის შედეგების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთოს.


“ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენი ენერგოობიექტები 300 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა. და ესეც რომ მომხდარიყო [ერთი წლის წინ], მხოლოდ რუსული ენერგოკომპანიები შეისყიდიდნენ მათ [ქართულ ენერგოობიექტებს]. მაგრამ ახლა ეს არ მოხდა. რუსულმა “რაო ეესმა“ მხოლოდ მცირე ნაწილი იყიდა და ჩვენ მათ ხელი არ შევუშალეთ [ამ შესყიდვაში]; ძირითადი ნაწილი დასავლურმა კომპანიამ იყიდა სამართლიანი და თანასწორუფლებიანი კონსკურსის გზით“, – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა მან არ დააკონკრეტა ამ დასავლური კომპანიის სახელი.


ეს საკითხი მან ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესზე საუბრისას ახსენა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი “ფენომენალურად კარგად“ ჩატარდა.


რუსული კომპანია “ინტერ რაო ეესი“ ორ ჰიდროელექტროსადგურზე აცხადებს პრეტენზიას:  “აწჰესზე“ და “ძევრულჰესზე” – 4 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი და 20 მლნ შესაბამისად.


იგივე კომპანია ასევე დაინტერესებულია აჭარის ენერგოდისტრიბუციით და ამ კომპანიაში 6 მილიონ აშშ დოლარს იხდის.


ჩეხური კომპანია Energy-Pro-ს შეთავაზება კი შემდეგნაირია: “ძევრულჰესი“ – 14 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი, ლაჯანურჰესი – 60 მლნ, “გუმათჰესი“ – 38 მლნ, “შაორჰესი“ – 13 მლნ, “რიონჰესი“ – 39 მლნ 800 ათასი,  “აწჰესი“- 5 მლნ აშშ დოლარი.


ენერგოობიექტების შესყიდვით სულ რვა კომპანია დაინტერესდა, მათ შორის არის TBC Energy, რომელიც ქართული კომპანია TBC Group-ს წარმოადგენს.


ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ამაყობს, რომ ქართულმა კომპანიამ შეძლო კახეთში სადისტრიბუციო კომპანიის შესყიდვა. თუმცა, მან კომპანია არც ამ შემთხვევაში დაასახელა.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ არის იმის საჭიროება, რომ რუსული კაპიტალის შიში არსებობდეს, რადგანაც პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და მხოლოდ ისინი გაიმარჯვებენ, რომელთაც საუკეთესო განაცხადები ექნებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version