ხელისუფლება: “უცხოური სპეცსამსახურები“ დავითაშვილის მკვლელობას გეგმავდნენ







ოპოზიციონერმა ლიდერმა, დეპუტატმა
დავითაშვილმა 8 ივნისს განაცხადა, რომ მის
წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა და ხელისუფ–
ლებას დაცვის გამოყოფა სთხოვა.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 17 ივნისს განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ თავდასხმა “უცხოური სპეცსამსახურების“ მიერ იგეგმებოდა, რაც “საქართველოს პრეზიდენტის და ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას“ ისახავდა მიზნად.

დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ეჭვი გამოთქვა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა, რაშიც “ერთი შეხედვით რუსული კვალი ჩანს“. დავითაშვილის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უცნობი ახალგაზრდა კაცი ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა. მას შემდეგ, რაც 7 ივნისს მეზობლებმა სცადეს ამ ადამიანთან გამოლაპარაკება, იგი გაქცევას შეეცადა, თუმცა წაიქცა და ადგომისას ორჯერ ისროლა მაყუჩიანი პისტოლეტიდან.  წაქცევისას მას ნივთების ფუთა დაუვარდა, რომელშიც დავითაშვილის მეზობლებმა ამ უკანასკნელის ფოტო იპოვნეს.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა გამოიძიეს ეს ინფორმაცია და დაადასტურეს, რომ დეპუტატის მოკვლა მართლაც იგეგმებოდა.


“დღეისათვის ჩვენს მიერ დადგენილია ამ ოპერაციის ყველა დეტალი, ასევე არშემდგარი ოპერაციის შემსრულებელი. ეს არის გიორგი კურტაევი, რომელიც ამჟამად ვლადიკავკაზში ცხოვრობს. დადგენილია მისი ყველა კონტაქტი, მისი გადაადგილების მარშრუტები და მოქმედების სქემა. ჩვენივე მოწვევით, ამ საქმის გამოძიებაში აქტიურად არის ჩართული გამოძიების ფედერალური ბიუროც“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.


მან ასევე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი გიორგი კურტაევი თბილისში ვლადიკავკაზიდან ცხინვალის გავლით ჩამოვიდა და იმავე მარშრუტით დაბრუნდა უკან.


“აშკარაა ამ ოპერაციაში უცხოური სპეცსამსახურების მონაწილეობა, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტულად ვერ დავასახელებთ, თუ რომელიც ქვეყნის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ ამ საქმეში“, – განაცხადა არველაძემ, თან ხაზი გაუსვა, რომ ეჭვმიტანილი თბილისში “რუსეთიდან ცხინვალის გავლით შემოვიდა“. 


არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს საქმე ძალიან ჰგავს გორის ტერორისტულ აქტს, როდესაც “ცხინვალის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ხდებოდა ტერორისტების შემოსვლა რუსეთის გრუ-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობით“.


მისი თქმით, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები რუსულ მხარეს გიორგი კურტაევის ექსტრადირებას მოსთხოვენ.


არველაძის განცხადებით, ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობა მიზნად ისახავდა საქართველოს ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას ამ უკანასკნელის მიერ თავისი ოპონენტების დევნაში დადანაშაულების გზით. 


“ასეთი ტიპის პროვოკაციები მომავალშიც იგეგმება, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ გაძლიერებულ ზომებს რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები იქნან დაცული. ჩვენ მივიღებთ ზომებს საქართველოს საზღვრის და სტრატეგიული ობიექტების გასაძლიერებლად და გავააქტიურებთ კონტრდაზვერვით საქმიანობას“, – განაცხადა არველაძემ.


მისი თქმით, დაწვრილებით ინფორმაციას არშემდგარი ოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გაავრცელებს.


“საქართველო მართლაც ძალიან დიდ პროვოკაციას გადაურჩა და ეს, პირველ რიგში, იქნებოდა დარტყმა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლებაზე. სწორად ამას ისახავდა ეს ოპერაცია მიზნად, რომელიც ვერ განხორციელდა“, – დასძინა არველაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version