საზოგადოების ნაწილი იგორ გიორგაძის პარტიის წინააღმდეგ გამოდის

საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეების ნაწილი 17 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში პარტია სამართლიანობის თავმჯდომარის,  უშიშროების ექს-მინისტრის იგორ გიორგაძის მომხრეების გააქტიურების გამო და გამოდის ინიციატივით გარე ძალებთან “მათი უკანონო ფინასური კავშირების“ საგანგებოდ გამოკვლევა მოხდეს.


“ვფიქრობთ საქართველოს ყოველი მოქალაქის ინტერესია, პოლიტიკური სპექტრის გაწმენდა უცხო ქვეყნის ჯაშუშებისგან, როგორსაც წარმოადგენენ გიორგაძის პარტიის ლიდერები. გამოვდივართ ინიციატივით საგანგებოდ იქნეს გამოკვლეული მათი უკანონო ფინანსური კავშირები გარე ძალებთან,ისევე როგორც გამოკველეული და შეფასებული იქნებოდა ტერორისტული ორაგნიზაციის საქმიანობა მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 31 ცნობილი ადამიანი აწერს.


განცხადების ავტორები, რომელთა შორის არიან მწერლები დავით ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, მხატვარი გია ბუღაძე და სხვები,  შეშფოთებული არიან რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ მტრული განცხადებების გამო, რის ფონზეც გააქტიურდნენ “აფხაზი და ოსი სეპარატისტების ლიდერები“.


“მესამე ფრონტი კი თავად საქართველოშია გახსნილი იგორ გიორგაძის მხარდამჭერი მეხუთე კოლონის სახით. საგულისხმოა, რომ თავზარდამცავი რეპუტაციის მქონე ადამიანთა კრებულის ერთობას განაპირობებს რუსული შავი ფული, რომელიც უშურველად მიეწოდებათ ხალხის მოსასყიდად  და სხვადასხვა პოლიტიკურ-თეატრალიზებული გამოსვლების მოსაწყობად“, – ნათქვამია განცხადებაში.


ბოლო პერიოდში იგორ გიორგაძის მომხრეებმა, რომელთა ლიდერიც ხელისუფლების მხრიდან ძებნილად არის გამოცხადებული, არაერთი თეატრალიზებული საპროტესტო აქცია გამართეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მათი ძირითადი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლების გადადგომა.

Exit mobile version