სააკაშვილი “მნიშვნელოვანს” უწოდებს პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მნიშვნელოვანი“ უწოდა რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებს და განაცხადა, რომ საქართველოს სურს რუსეთთან ისეთი მეგობრობა, რომელიც “ქვეყნის ღირსებაზე და ინტერესების დაცვაზე იქნება დამყარებული“.


ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთში გააკეთა, სადაც სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნებისთანავე გაემგზავრა. 
 
“მე გუშინ ვიყავი სანკტ-პეტერბურგში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იყო იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას… ჯერ ერთი, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას არასდროს არ დავთმობთ და ჩვენ თავმოყვარეობაზე არასდროს არ ვიტყვით უარს… რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ყველასთან მეგობრობა მათ შორის, პირველ რიგში გვინდა რუსეთთან მეგობრობა იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორია და მეზობელია, მაგრამ მეგობრობა პირველ რიგში, ეფუძნება ჩვენი ღირსების, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას და ჩვენი ინტერესების პატივისცემას და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version