ბეჟუაშვილი: სამშვიდობოების გაყვანაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნას

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, მთავრობა ჯერ არ ჩამოყალიბებულა კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებულ პოზიციაზე, რაზეც გადაწყვეტილება შესაძლოა პარლამენტმა ივლისში მიიღოს.


“ჩვენ ღიად დავუფიქსირეთ ჩვენს რუს მეგობრებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებას გააჩნია აზრი და ამ აზრს გამოხატავს არჩეული პარლამენტი. ჩვენ, ბუნებრივია, პარლამენტში მივალთ და ჩვენს მოსაზრებებს მოვახსენებთ [სამშვიდობოებთან დაკავშირებით], ამიტომ წინ ვერ გავუსწრებთ მოვლენებს. შესაძლებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს“, – განუცხადა 14 ივნისს ჟურნალისტებს სანკტ–პეტერბურგიდან დაბრუნებულმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სააკაშვილი–პუტინის შეხვედრაში. 


“ეს არის სერიოზული პროცესი, რომელიც ცვლის კონფლიქტის დარეგულირების მთელ დინამიკას. ჩვენ უნდა კარგად მოვემზადოთ ამისთვის“, – განაცხადა მინისტრმა სამშვიდობოების თემასთან დაკავშირებით. 


საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების შესაძლო გაყვანის საკითხს, შარშან ოქტომბერში მიღებული დადგენილების შესაბამისად, 15 ივლისამდე განიხილავს იმ მოხსენებიდან გამომდინარე, რასაც მთავრობა წარადგენს მშვიდობისმყოფელების მიერ მანდატის შესრულებასთან დაკავშირებით.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე პარლამენტმა 15 თებერვალს უკვე მიიღო “მოქნილი“ დადგენილება, რომელმაც შესაძლებლობა  მისცა მთავრობას არ დაეწყო სამშვიდობოთა დაუყოვნებლივ გაყვანა ცხინვალის რეგიონიდან.  პარლამენტმა შესაძლოა სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს აფხაზეთთან დაკავშირებითაც.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version