ხაინდრავა ეჭვობს, რომ ცხინვალის რეგიონს რუსი სამშვიდობოების ზედმეტი ნაწილი არ დატოვებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეჭვი გამოთქვა, რომ რუსული მხარე მოახერხებს ცხინვალის რეგიონიდან ზედმეტი ჯარების გაყვანას, რომელიც ამჟამად უკანონოდ იმყოფება თვითგამოცხადებულ რეგიონში.


რუსეთს შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში 500 კაციანი კონტიგენტი ჰყავს, ისევე როგორც ქართულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს. თუმცა როტაციის შემდეგ, ქართული მხარის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში 1500-მდე რუსმა სამხედრომ მოიყარა თავი. 


ამას გარდა, ხაინდრავას ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში დამატებით 6 ათასამდე უკანონო შეიარაღებული პირი იმყოფება და ასევე სამხედრო ტექნიკა. “პრაქტიკულად მთელი რეგიონი გადაქცეული არის სამხედრო ობიექტად“, – დასძენს ხაინდრავა.
 
ხაინდრავა უარყოფს ბრალდებებს თბილისის მიერ ძალის შესაძლო გამოყენებაზე და აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონის ასეთი მილიტარიზაციის პირობებში “გიჟის მეტი ვერავინ ვერასოდეს ვერ იფიქრებს რაიმე სახის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე“.


კონფლიქტის ზონაში შექმნილ მდგომარეობას სახელმწიფო მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ “პოლიტიკურ-სამხედრო და პროპაგანდისტულ ინტერვენციად“ აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობა რეკომენდაციას მისცემს პარლამენტს რუსმა სამხედროებმა უახლოეს პერიოდში დატოვონ კონფლიქტის ზონა.


მისი თქმით, თბილისი სამშვიდობო გეგმის განხორციელების მომხრეა და მიუხედავად იმისა, რომ შერეულის საკონტროლო კომისიის ფორმატი არაეფექტურია, აპირებს გააგრძელოს დიალოგი ამ ფორმატში ცხინვალთან.

Exit mobile version