ნოღაიდელმა და ნაზარბაევმა დსთ-ს შესახებ ისაუბრეს

ასტანაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შესაძლო დატოვების საკითხს განიხილავს, იუწყება 2 ივნისს “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“. 


“ჩვენ პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს განვიხილავთ… საქართველოს საზოგადოება და ვფიქრობ, ყველა დანარჩენ ქვეყნების [მოსახლეობა]რუსეთის ჩათვლით, ძალიან კრიტიკულად ეკიდებიან დსთ-ს ეფექტურობას. მგონი ეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას დსთ-ს რეფორმირების საკითხიც განიხილებოდა.


“ვფირობ, რომ წელს ყაზახეთის და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის დსთ-ს თავმჯდომარეობის შედეგად შეიძლება გაჩნდეს [დსთ-ს] სერიოზული რეფორმირების იმპულსი. შეიძლება დსთ გარდაიქმნას ეფექტურ, მოქმედ ორგანიზაციად, სადაც მონაწილე ქვეყნები შეძლებენ განიხილონ პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ ნოღაიდელის სიტყვებზე დაყრდნობით.

Exit mobile version