საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანი წარმომადგენლის, დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების გასაყვანად “საქართველო გააკეთებს ყველაფერს და ეს პროცესი უსასრულოდ ვერ და არ გაიწელება“.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის ეფექტური კონტროლის აღდგენა ცხინვალის რეგიონში, რაშიც რუსი მშვიდობისმყოფელები ხელისშემშლელ როლს თამაშობენ.
“მინიმალური ზიანის ფასად უნდა გავაკეთოთ ეს. ამ ზიანში იგულისხმება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება და მეორეს მხრივ, იგულისხმება საერთაშორისო ტაქტიკური მოსაზრებები. ესეც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და დღეს საქართველო ამას იყენებს იმისთვის, რომ თავისი პოზიცია განამტკიცოს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური მოგვარების გზაზე, რისკენაც ჩვენ მივილტვით, შეუძლებელია ამ ამოცანის შესრულება ე.წ. სამშვიდობოების იქ ყოფნის დროს“, – განუცხადა ბოკერიამ 1 ივნისს ჟურნალისტებს.