ელექტროენერგიის გაზრდილი სამსაფეხურიანი ტარიფი 1 ივნისიდან შევიდა ძალაში მას შემედგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შესაბამისი გადაწყვეტილება 11 მაისს მიიღო.
თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თვეში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს 13,48 თეთრს გადაიხდის. 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით – 16 თეთრს, ხოლო 301 კვტ–სა და მეტზე – 17,69 თეთრს.
რეგიონებში – საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის, "კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ , "აჭარის ენერგოკომპანიის“ აბონენტები 100 კვტ მოხმარებულ ენერგიაზე 12,98 თეთრს გადაიხდიან, 101 კვტ-დან 300 კვტ-ს ჩათვლით – 16,52 თეთრს, ხოლო 301 კვტ–სა და მეტზე – 17,49 თეთრს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტარიფის ზრდა რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ფასის გაორმაგებამ განაპირობა.
სემეკ-ის განცხადებით, წელს გაზით წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა საქართველოში 28%-ს შეადგენს, დანარჩენ რაოდენობას კი ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.