საქართველომ რუსეთი გააფრთხილა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ფსოუს და როკის გვირაბის გავლით რუსი სამშვიდობოების როტაციამ შესაძლოა სამშვიდობოების კონფლიქტის ზონებში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა დააჩქაროს.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის ინფორმაციით, 30 მაისს როკის გვირაბის მეშვეობით კონფლიქტის ზონაში 500 რუსი სამხედრო შემოვიდა. უკვე თითქმის ათი წელია, რაც როკის გვირაბი რუსეთის მიერ როტაციის მიზნით გამოიყენება.
თბილისის განცხადებით, რუსეთს საკუთარი ძალები ყაზბეგი-ზემო ლარსის ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოყენებით უნდა შემოეყვანა. ოფიციალური თბილისი გმობს რუსეთის მიერ ყველა სხვა დანარჩენი გამშვები პუნქტების გამოყენებას, რადგან ისინი სეპარატისტების კონტროლს ექვემდებარებიან.
ამასთან დაკავშირებით 31 მაისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას მიერ გავრცელებული განცხადება რუსული მხარის ახსნა-განმარტებებს მოითხოვს, “წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება საკითხი სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში რუსი სამხედროების დარჩენის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე“.
15 თებერვალს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ავალებს საქართველოს მთავრობას ცხინვალის რეგიონში არსებული სამშვიდობო ოპერაცია უფრო ეფექტური საერთაშორისო ოპერაციით ჩაანაცვლოს. მაგრამ დადგენილება მთავრობას კონკრეტულ ვადებს არ უწესებს.
ქართული მხარე ასევე აპროტესტებს 31 მაისს დაწყებულ რუს სამშვიდობოთა როტაციას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სადაც ისინი დსთ-ს ეგიდით არიან განლაგებულები.
კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც თბილისს მოსკოვის მიმართ გააჩნია, არის ის, რომ ქართული მხარე არ იყო ინფორმირებული დაგეგმილი როტაციის შესახებ.
თუმცა საქართველოში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, როტაციის და სამშვიდობოების მარშრუტის შესახებ ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდა.
ვიზების არ ქონა რუსი სამშვიდობოების მიერ თბილისის პროტესტის კიდევ ერთი წყაროა.
“ყველა ე.წ. რუსი მშვიდობისმყოფელი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ვიზა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს სისხლის სამართლის დამნაშავეს“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დღეს განაცხადა, რომ სამშვიდობოების თაობაზე არსებულ შეთანხმებებში რუს მშვიდობისმყოფელებზე სავიზო რეჟიმის გავრცელებაზე არაფერია ნათქვამი.
ამდენად, რუსეთის ბოლო ნაბიჯმა, რომელიც კონფლიქტების ზონებში სამშვიდობოების როტაციას უკავშირდება, თბილისში ძლიერი პროტესტი წარმოშვა. ამ ნაბიჯის წინააღმდეგ ცალკ-ცალკე განცხადებები გაავრცელეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა, ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
ამ უკანასკნელმა ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობოების როტაციას “თავხედური“ უწოდა და განაცხადა, რომ ამით რუსეთმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ “საქართველოსთან დადებული შეთანხმებები არ აინტერესებს“.