კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა “უკანონოს” უწოდებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუს სამშვიდობოთა როტაციას საქართველო-რუსეთის არალეგიტიმური საზღვრების – მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის გავლით.
ცხინვალის რეგიონში როტაცია 29 მაისს, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 31 მაისს დაიწყო.
სახელმწიფო მინისტრი დღეს გავრცელებულ განცხადებაში კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ძალების “უკანონო ქმედებებთან“ დაკავშირებით და დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს ორივე კონფლიქტურ ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ბატალიონების ხელმძღვანელებისგან.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი, როგორც სამშვიდობო ოპერაციის ქართული მხარის ხელმძღვანელის მხრიდან, დადგება საკითხი სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში რუსი სამხედროების დარჩენის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობოების როტაცია ქართული მხარის მიერ სანქცირებული არ იყო.
თუმცა დღეს საქართველოში რუსეთის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით “რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ როტაციის და სამშვიდობოების მარშუტის შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული იყო.