რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბაზების გაყვანაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის, თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების ნაწილის სომხეთში, გიუმრის ბაზაზე გატანა სამხრეთ კავკასიაში  დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს. 


“ტექნიკის ნაწილი მართლაც გადის გიუმრის ბაზაზე. ამან არ შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო-პოლიტიკური დესტაბილიზაცია რეგიონში“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით. 


მინისტრის განცხადებით, ძირითადი სამხედრო ტექნიკა და ქონება რუსეთის ტერიტორიაზე გადის.


“რაც შეეხება ბათუმის ბაზის ლიკვიდაციას, ახალქალაქთან შედარებით, ეს ცოტა მოგვიანებით განხორციელდება და ტექნიკა რუსეთში ზღვის საშუალებით გავა“, – განაცხადა ივანოვმა.


საქართველო–რუსეთს შორის 31 მარტს გაფორმებული შეთანხმებით, რუსეთის ბაზებმა და სხვა სამხედრო ობიექტებმა საქართველო 2008 წლის ბოლომდე უნდა დატოვონ.

Exit mobile version