დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დაიბარეს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ბატალიონების პირადი შემადგენლობის როტაციის “უხეში დარღვევებით“ განხორციელების გამო საპროტესტო ნოტა გადაეცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს როკის გვირაბის საშუალებით რუსეთის სამშვიდობო ბატალიონში როტაციის განხორციელებას, რაც სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ იყო.
“არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის მხარემ როტაცია ამჯერადაც განახორციელა როკის გვირაბიდან ანუ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე არსებული ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის – “ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გვერდის ავლით, რითაც კვლავ უხეშად დაირღვა რუსეთ-საქართველოს შორის მოქმედი სასაზღვრო და სავიზო რეჟიმი“, – ნთქვამია 30 მაისს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარის ამ ქმედებას განიხილავს, როგორც “უპატივცემულობის მორიგ გამოხატულებას ორი სახელმწიფოს ურთიერთობებსა და სამშვიდობო პროცესში მოქმედი მექანიზმების მიმართ“.
რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს
