თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 30 მაისს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ბატალიონში “უკანონო“ როტაცია განხორციელდა.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსმა, როგორც მათ თავდაცვის სამინისტრო მოიხსენიებს, “ე.წ. სამშვიდობოებმა“ რუსეთ–საქართველოს საზღვარზე არსებულ ერთადერთ ლეგიტიმურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს – ყაზბეგი-ზემო ლარსს გვერდი აუარეს და 500-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიიდან, როკის გვირაბის გავლით თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შევიდა.
“როტაცია არ იყო შეთანხმებული შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის თანათავმჯდომარესთან [კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახემწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა]“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები 13 სატვირთო და 2 ქვეითი საბრძოლო მანქანით ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალების ბატალიონის ტერიტორიაზე განლაგდნენ.
სამინისტროს განცხადებითვე, ყველა “ე.წ რუსი მშვიდობისმყოფელი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ვიზა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს სისხლის სამართლის დამნაშავეს.“
რუსი სამშვიდობოების როტაციასთან დაკვშირებით კომენტარი პარიზში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმაც გააკეთა და ამ პროცესს “არალეგიტიმური“ უწოდა.
“ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენს პარტნიორს, ამ შემთხვევაში მეზობელს [რუსეთს] არ სურს დაიცვას ის წესები, რაც ჩვენ [საქართველომ და რუსეთმა] ერთად დავაწესეთ“, – განუცხადა 31 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.