ხაინდრავამ და სუბარმა ცხინვალში შეხვედრები გამართეს

დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ბორის ჩოჩიევს და დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ მინძაევს შეხვდნენ, სადაც 27 მაისს კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტის დეტალები განიხილეს.


27 მაისს ქართველმა სამართალდამცავებმა 41 ოსი ქართული ვიზის არ ქონის გამო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააკავეს. თუმცა ისინი მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ამის პარალელურად  ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამოდენიმე ქართველი მამაკაცი დააკავეს და სასტიკად სცემეს. დაკავებულები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ ოსი მამაკაცების გათავისუფლება დაიწყო.


მიხეილ მინძაევის განცხადებით, ეს “სუფთა პროვოკაცია იყო, რათა ჩვენი [ცხინვალის] მხრიდან  მოჰყოლოდა საპასუხო ქმედება, მაგრამ ჩვენ ვიხმარეთ ყველანირი ღონე, რათა ეს არ მომხდარიყო“.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.


“სახეზეა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა… ჩვენ ვაშენებთ კანონიერ სახელმწიფოს და კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ყველა, ესენი [ოსი მოსახლეობა] არიან ჩვენი მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონფლიქტში ვიმყოფებით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
 
სოზარ სუბარის თქმით, “ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი ჰქონდა ქართული პოლიციის მხრიდან, მეორე მხარეს რაც შეეხება, ის ოთხი ადამიანი, რომლებიც არიან ნაცემი [ოსების მიერ], ეს არის ფაქტი, არა ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ ბანდიტიზმი“ .

Exit mobile version