სემნები: ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობებით

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პიტერ სემნები შეშფოთებას გამოთქვმს საქართველო-რუსეთს შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობების გამო და აცხადებს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა კონფლიქტების მოგვარების საკითხი შეაფეხოს. 


“ევროკავშირი გამოხატავს გარკვეულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ეს ურთიერთობები, ფაქტიურად, დაირღვა ამ ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე და განაგრძობს ასეთ რეჟიმში განვითარებას… კეთდება საკმაოდ სარისკო განცხადებები ორივე [ქართულ და რუსულ] მხარეს და არის საშიშროება სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციის“, – განაცხადა პიტერ სემნებიმ თბილისში 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან ასევე განაცხადა, ევროკავშირი მზადაა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების განმუხტვაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. 


პიტერ სემნები, რომელიც თბილისში 22 მაისს ჩამოვიდა,  24 მაისს ცხინვალსაც ესტუმრა, სადაც შეხვედრები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.


მისი თქმით, ცხინვალში და თბილისშიც იგრძნობა დიალოგის გაღრმავების მოთხოვნილება. 


“უნდა ითქვას, რომ არც ერთ მხარეს არ გამოუჩენია ძალისხმევა იმისათვის, რომ დიალოგი უფრო ინტენსიური გამხდარიყო… შეიძლება კონტაქტების დეფიციტმა გამოიწვია საკმაოდ დაბალი ნდობის ფაქტორი, რომელიც დღეისათვის მხარეებს შორის არსებობს“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.


მისი განცხადებით, კონფლიქტის საბოლოო მოგვარება თბილისსა და ცხინვალზე არ არის დამოკიდებული, “არამედ რუსეთის დიდი როლი ფიგურირებს ამ საქმეში“.


“ამდენად, საკმაოდ შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა არ იძლევა საშუალებას ეს დიალგი გაღრმავდეს და პოზიტიური მიმართულებით წარიმართოს“, – განაცხადა სემნებიმ.


იგი ასევე ურჩევს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მხარეებს კოსოვოს მაგლითით არ იხელმძღვანელონ, რადგან “ყველა კონფლიქტი თავისებური ნიშანთვისებებით ხასიათდება და ერთი კონფლიქტის პრეცედენტის გადმოტანა მეორე კონფლიქტზე არ იქნებოდა სწორი“. 


პიტერ სემნებიმ კომენტარი საქართველოს დსთ–დან შესაძლო გამოსვლაზეც გააკეთა. მისი თქმით, ეს საქართველოს სუვერენული უფლებაა, თუმცა საბოლო გადაწყვეტილება მხოლოდ წინასწარი გათვლების შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

Exit mobile version