26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა აფხაზ და ოს “დებსა და ძმებს“, რომ “საქართველოს სურს მშვიდობა“, თუმცა იქვე დასძინა, რომ თბილისი არასოდეს წავა კომპრომისზე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
მან კონსოლიდაციისკენ მოუწოდა ქვეყნის “პატრიოტულ“ პოლიტიკულ ძალებს არსებული გამოწვევების წინააღმდეგ.
აღლუმში 13 000 ჯარისკაცი, 5 000 რეზერვისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 ოფიცერი იღებს მონაწილეობას. აღლუმში, რომელიც თავისი მასშტაბით საქართველოს სინამდვილეში უდიდესია, ასევე მონაწილეობს სამხედრო ტექნიკა (გარდა ტანკებისა, რათა ახლად დაგებული გზები არ დაზიანდეს), ვერტმფრენები და მოიერიშე თვითმფინავები.
ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის მცირედ შემოკლებული ტექსტი:
“ჩვენ მხედრულ სალამს ვაძლევთ ძლიერ, დისციპლინირებულ და ბრძოლისუნარიან ქართულ არმიას. ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები, მაგრამ ორი წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ ჩავიბარეთ დაშლილი, გაუბედურებული ქართული ჯარი. ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შექმნილიყო ისეთი შეიარაღებული ძალები, რომლითაც იამაყებდით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, მთელი საქართველო, შეიარაღებული ძალები, რომელიც არავის არ ემუქრება, გარდა იმ ხალხისა, ვინც მზად არის ხელი აღმართოს საქართველოს თავისუფლებაზე, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე, გარდა იმ ხალხისა, ვისაც უნდა საქართველოს არეულობა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის წერტილის დასმა…
… ჩვენ ქართველები ვჭირდებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველა სხვასაც, ვჭირდებით მთელ თავისუფლების მოყვარე მსოფლიოს. ჩვენ ვქმნით მაგალითს თავისუფალი განვითარების, წარმატების პირობებში, მაგალითს, რომელიც ასე ჭირდება ძალიან ბევრ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისთვის და წარმატებისთვის.
ჩვენი არმიის სახით, ჩვენ ვესალმებით ახალ საქართველოს, ვესალმებით საქართველოს, რომლითაც უნდა იამაყოს ყველა ქართველმა, საქართველოს, რომელიც არასდროს დაუხრის თავს მტერს, საქართველოს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ეროვნული ინტერესების დაცვა.
ჩვენი მხედრული სალამით, დღეს ჩვენ ვესალმებით ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ვინაიდან საქართველო მათ ყველას ეკუთვნის.
ჩვენ მივესალმებით ყველას, ვისაც შესტკივა ჩვენი სამშობლოს ბედზე გული… საქართველოს მოქალაქეებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ ისეთი სახელმწიფოს შენება, როგორიც განვითარებულ, ცივილიზებულ ერებს შეშვენით. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სახელმწიფოს, რომელიც მუდმივად იბრძვის საკუთარი ინტერესების დასაცავად და თავისუფლებისთვის.
დღეს ვესალმებით ყველა ახალგაზრდას, მათ შორის პატრიოტული მოძრაობის წევრებს, სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს.
ჩვენ მივესალმებით მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს – რამდენადაც არ უნდა ვკამათობდეთ, რამხელა აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა არსებობდეს, ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მტრები, ჩვენ ვართ ერთმანეთის ოპონენტები, ჩვენ ვართ ისეთი ოპონენტები, რომელთაც უნდა შეძლონ იმ დიდი გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანება, რომლებიც დღეს არსებობს და რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის მომავალს. ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ ისეთი შეცდომა, რომელიც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, როცა შიდა პოლიტიკური წვრილმანი შურის, ბოღმის, ეჭვიანობის, დაპირისპირების გამო ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოწინააღდეგის წინ, ვთმობდით მთავარ ფასეულობებს და ვაგებდით საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ მომავალს. ეს აღარასოდეს არც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა აღარ უნდა დაუშვას.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს ყველა მეგობარს, საქართველო უბრუნდება ევროპულ ოჯახს. ჩვენ მივესალმებით ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხს და ერს.
მალე მოვა ის დრო, როდესაც აფხაზები და ოსები ისევე იზეიმებენ ამ დღეს, როგორც დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ზეიმობს.
მე მინდა ვუთხრა ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა და ჩვენი პატარა, მაგრამ ლამაზი და ძლიერი ქვეყნის ერთად შენება. ეს წარმატებები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, უფრო დასაფასებელი იქნებოდა აფხაზები და ოსებიც, ყველანი ერთად რომ იღებდნენ მასში მონაწილეობას. საქართველოში დამთავრდა ნგრევის და დაპირისპირების დრო. უმჯობესია, ერთად გავაგრძელოთ შენება და ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში.
ხოლო იმ ხალხის გასაგონად, რომელთაც უნდათ საქართველოს დანაწევრება, მინდა ვუთხრა, საქართველოს გასაცემი მიწები აღარ აქვს, საქართველოს დასათმობი ტერიტორიის არც ერთი გოჯი აღარ გააჩნია, არ ვაპირებთ ისეთ კომპრომისებზე წასვლას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან.
ჩვენ ასევე მივესალმებით ყველა პედადოგს და მეცნიერს… განათლება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც თავის შედეგებს მოგვცემს სამი, ხუთი, ორმოცდაათი, ასი წლის შემდეგ…
ჩვენ მივესალმებით საქართველოს სოფლად მცხოვრებ ყველა მოქალაქეს… მივესალმები ჩვენს მევენახეებს და მინდა ვუთხრა: არაფრის არ უნდა გეშინოდეთ. ვერავინ ვერ შეძლებს ამ დარგის განადგურებას საქართველოში; პირიქით, ის უფრო განვითარდება…
ჩვენ მივესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ჩვენი მხედრული სალამით მივესალმებით საქართველოში ამ დღეებში ჩამოსული ქართული დიასპორის ასობით წარმომადგენელს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებებით… ჩვენი ამოცანაა დაგაბრუნოთ თქვენ, ჩვენი ამოცანაა თქვენი პოტენციალი გამოყენოთ საქართველოს საკეთილდღეოდ…
ორი წლის წინ, რევოლუციის დროს, ჩვენ აქ, ამ ადგილას, გაგვაერთიანა ჩვენმა იმედმა, რომ ძლიერ საქართველოს ავაშენებდით. დღეს სიტუაცია შეიცვალა. დღეს ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი უკვე მოპოვებული სიძლიერე და ის დიდი მიზნები, რომელთაც ძლიერმა საქართველომ უნდა მიაღწიოს უახლოეს მომავალში ქვეყნის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს და თითოეული თქვენგანის მფარველი“.