25 მაისს რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა, რაც რადიოლოკაციური სისტემის საშუალებით დაფიქსირდა. კერძოდ, საფრენი აპარატი, რომელიც საათში 200 კმ-ს ახორციელებდა და 4,5 კმ სიმაღლეზე დაფრინავდა, 20 კილომეტრის სიღრმეში ცხინვალის რეგიონში, დაბა ჯავის ჩრდილო-დასავლეთით შემოფრინდა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტრო მომხდარს “ქვეყნის ტერიტორიის უხეშ დარღვევად“ აფასებს.
“საქართველოს საჰაერო სივრცეში ნებისმიერი გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო ავიაციის მართვის ორგანოებთან, ცენტრალურ სადისპეჩერო სამსახურთან და საქაერონავიგაციასთან. ასევე წინასწარ უნდა კეთდებოდეს ოფიციალური განაცხადი, რასაც ადგილი არ ჰქონია… აღნიშნულ რეგიონზე გადის ერთ-ერთი საერთაშორისო საჰაერო ტრასა და შეუთანხმებელ ფრენას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს. დარღვევა ფიქსრდება იმ რეგიონში, სადაც რუსი სამშვიდობოების არაერთი საგუშაგოა განლაგებული“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ერთი თვის განმალობაში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ეს უკვე მეორე ფაქტია. 15 მაისს უცნობმა საფრენმა აპარატმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფრენა ორჯერ განახორციელა.