საქართველოს ვიცე–პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელიც დუშამბეში დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომას დაესწრო, განაცხადა, რომ საქართველო დსთ-ში დარჩენის არსს ვერ ხედავს, იუწყება “ინტერფაქსი“ 25 მაისს.
“ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს კოლეგებს [დსთ–ში], რომ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება შესწავლილი იქნას დსთ-ში ყოფნის საკითხი“, – განუხადა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების და ეკონომიკური კავშირების გამყარების საკითხებში საქართველო უფრო დიდ იმედებს ამყარებდა დსთ-ზე, თუმცა “საბოლოო ჯამში საქართველოსთვის ყველაფერი პირიქით გამოვიდა“.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს დსთ–ს შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, შეიქმნა სპეციალური კომისია, პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობას და ორგანიზაციიდან შესაძლო გამოსვლის შედეგებს სწავლობს.