ქართულმა პრესამ 25 მაისს ფართოდ გააშუქა საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის საჯარო გამოჩენა მოსკოვში და ამ ფაქტს “რუსეთის მიერ გიორგაძის ლეგალიზება“ უწოდა.
გიორგაძე, რომელიც საქართველოს მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება და ინტერპოლის ძებნილთა სიაშია, ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საჯაროდ და მოსკოვში რუსულ გაზეთ “არგუმენტი ი ფაქტის“ ოფისში 24 მაისს პრესკონფერენცია გამართა. გიორგაძე, რომელიც პარტია სამართლიანობის ლიდერია, საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
გაზეთი “24 საათი“ წერს, რომ “კრემლის შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე ახალ სტადიაში გადავიდა“, თუმცა გაზეთი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს გიორგაძის როლს ქართული პოლიტიკაში.
“ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად იციან ის, რასაც ვერ ხვდებიან რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები – პრორუსულ პოზიციებზე ყოფნა საქართველოში პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს“, – წერს გაზეთი “24 საათი“.
გაზეთი “რეზონანსი“ ასევე აცხადებს, რომ გიორგაძის “ლეგენდარული“ გამოჩენა საქართველოს ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
“გამოკითხვებით, იგორ გიორგაძეს საქართველოს მოსახლეობის ერთი პროცენტიც კი არ უჭერს მხარს. ჩვენ, ოპოზიცია, მის ფიგურაში საფრთხეს ვერ ვხედავთ. საფრთხეს ვერ ხედავს ვერც საქართველოს ხელისუფლება“, – განუცხადა “რეზონანსს“ დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.