პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 24 მაისს სინანული გამოთქვა სამი ოპოზიციონერი კანონმდებლის გადაწყვეტილების გამო საპარლამენტო პოსტების დატოვებასთან დაკავშირებით და მათ „კონსტრუქციული მუშაობისკენ“ მოუწოდა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კოკა გუნცაძემ, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით საგანელიძემ და განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მზია თორთლაძემ თანამდებობები 24 მაისს დატოვეს, რათა ეჩვენებინათ, რომ “პოსტები არაფერს ნიშნავს“. სამივე მათგანი ახალი მემარჯვენეების ფრაქციიდან არიან.
მემარჯვენეები თანამდებობებიდან ნებაყოფლობით გადადგომას უკავშირებენ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას – ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. ამის სადემონსტრაციოდ 23 მაისს უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ოპოზიციის სასარგებლოდ დატოვა.
“თუ მათი მიზანია, რომ საერთაშორისო დონეზე დაანახონ, რომ მათ ავიწროვებენ, ეს არ არის სწორი“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
სავარაუდოდ, გია თორთლაძე, ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წევრი, რომელსაც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია, ასევე აპირებს პოსტის დატოვებას.