დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი მიიწვიეს, რათა პროტესტი გამოეთქვათ იგორ გიორგაძისთვის პოლიტიკური თავშესაფრის შესაძლო მიცემასთან დაკავშირებით, რაზეც განცხადება 23 მაისს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმერ კოლესნიკოვმა გააკეთა.
გიორგაძე ინტერპოლის მიერ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების გამო იძებნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლევან ჭოლაძესთან შეხვედრაზე ელჩს ასევე გადაეცა პროტესტი იგორ გიორგაძის მიერ 24 მაისს მოსკოვში ჩატარებულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით.
მოსკოვში გიორგაძის გამოჩენა და პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები დაგმეს ასევე პარლამენტარებმა მმართველი პარტიიდან.