ევროკავშირის წარმომადგენელი ცხინვალში კოკოითს შეხვდა

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს ცხინვალში პირველი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და შეხვედრები თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან და დე ფაქტო მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან გამართა.
 
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე კოკოითმა თბილისის პოლიტიკა გააკრიტიკა ცხინვალის რეგიონში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობების და მილიტარიზაციის გამო, რაც „მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ომისთვის ემზადება“, – განაცხადა კოკოითმა.


ამასთან ცხინვალმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის ღონისძიებებს კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის კუთხით.


დღესვე პიტერ სემნები თბილისში დაბრუნდება და შეხვედრას გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, სადაც საქართვლო–ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

Exit mobile version