ლავროვი ქართველ კოლეგასთან განხილულ თემებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „კონსტრუქციული“ და „საგნობრივი“ უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებს, რომელიც სტრასბურგში 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის პარალელურად შედგა.


 


ლავროვის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განთავსებული რუსი სამშვიდობოების საკითხი განიხილა.


“მე ვთხოვე, რომ არ შექმნან მათი იქ ყოფნის გარშემო ხელოვნული პრობლემები. პერიოდულად ხდება სამშვიდობოების დაკავება. ჩვენი სურვილია, რომ მათ იქ ნორმალურად იმუშავონ და ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე ყურადღება არ გადაიტანონ“, – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის  სიტყვებზე დაყრდნობით.



მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოთქვა ინტერესი, რათა „ჩვენმა დიალოგმა ხელი შეუწყოს ყველა წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში და რაც მთავარია, იმ საკითხების გადაწყვეტას, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგებას უკავშირდება“.



რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი მიესალმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი სამშვიდობო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის 11–12 მაისის შეხვედრის შედეგად გადაწყდა.


მან ასევე დადებითად შეაფასა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხებზე დაწყებული მუშაობა, რომელსაც ერთობლივი რუსულ–ქართულ–აფხაზურ–სომხური კონსორციუმი უძღვება.


 


თუმცა ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მწუხარებით ხვდება ქართული მხარის უარს როგორც ცხინვალთან, ასევე სოხუმთან  მიმართებაში მიიღოს დოკუმენტები, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი მხარეების ნებას და უსაფრთხოების გარანტიებს დააფიქსირებდა.


 


ლავროვის განცხადებით, გელა ბეჟუაშვილი მას იმ პროცესის დაჩქარებას დაპირდა, რომელიც გალის რაიონში დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის დაწყებას ისახავს მიზნად. „ვწუხვარ, რომ ქართული მხარე ამუხრუჭებს ხელახალ რეგიტრაციას ადამიანებისა, რომლებიც გალის რაიონში უნდა დაბრუნდნენ“, – აცხადებს ლავროვი. 

Exit mobile version