თავისუფლების ინსტიტუტი სახალხო დამცველს აკრიტიკებს

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც სამართალდამცავები სპეცოპერაციების დროს დანაშაულში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის“ კრიტიკის ობიექტი გახდა.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც თავად “თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი თანამშრომელია, 19 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2005 წლის მეორე ნახევრის ანგარიში წარუდგინა. თუმცა, მოსმენაზე სუბარმა იმ შემთხვევებზეც ისაუბრა, რომლებიც 2006 წელს მოხდა – მათ შორის 27 მარტს ციხეში მომხდარ ბუნტზე, 2 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარ სპეცოპერაციაზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. ყველა ეს საქმე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების შეშფოთების საგანს წარმოადგენს.


“შთაბეჭდილება მრჩება, რომ სუბარი ოპოზიციის გავლენის ქვეშ უფრო იმყოფება, ნაცვლად კომპეტენტური დასკვნების გაკეთებისა“, –  განაცხადა “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში “რეაქცია“ 19 მაისს.


“ომბუდსმენმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე სახალხო დამცველის აპარატში, იმისათვის, რომ საქმის გამოძიების უფლება ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ არაკომპეტენტური განცხადებები აკეთოს“, – დასძინა მან.

Exit mobile version