ცხინვალში 11-12 მაისს გამართული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე მხარეები იმ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართული მხარის ათკაციან ჯგუფს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოსური მხარეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იური ძიცოითი, რუსულს კი შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარის მდივანი ალექსანდრე გრაჩოვი უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში ჩართულები იქნებიან ასევე ჩრდილოეთ ოსეთის და ეუთოს მისიის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის დებულება შსკ–ს შემდგომ სხდომაზე უნდა განისაზღვროს, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულის დასაწყისში თბილისში გაიმართება.
ქართული მხარის ინფორმაციით, მნიშვენლოვანია ასევე ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელზეც ევროკავშირი 10 მლნ ევროს გამოყოფს, მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც პროგრამის პრიორიტეტებსა და თანხების ხაჯვის მონიტორინგის მექანიზმების შექმნას ეხება. ეკონომიკური რებილიტაციის პროგრამას ბრიუსელში 14 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო დონორთა კონფერნცია განიხილავს და დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს შს მინისტრისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრის შეხვედრა 10 ივნისამდე გაიმართოს, განათლების მინისტრების შეხვედრის დრო კი უახლოეს პერიოდში განისაზღვრება.
ერთადერთი საკითხი, რაზეც ქართულმა მხარემ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, ძალის გამოუყენებლობის და ომის განუახლებლობის შესახებ ცალკე დოკუმენტის შემუშავებაა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ომის განუახლებლობის შესახებ ცალკე დოკუმენტის მომზადება, რომელიც მისის თქმით, “მოსკოვის ინიციატივაა“, საჭირო არ არის, რადგან უკვე არსებობს კონფლიქტის მოგვარების თბილისის სამშვიდობო გეგმა, რომლის “შესრულების გარანტიას ქართული მხარე იძლევა“.
“მოინდომეს, რომ უცბად შედგეს დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის, ომის განუახლებლობის შესახებ…. ჩვენ [ქართულმა მხარემ] სამშვიდობო გეგმა დავდეთ და აბსოლუტურად ნათელია ჩვენი პოზიცია. კიდევ რა დადასტურება სჭირდება ამას? ჩვენ მომხრე ვართ ერთობლივი პროგრამის, რომელიც შედგება და რომელიც სამშვიდობო გეგმას ეყრდნობა – ეს არის ყველაზე დიდი გარანტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ხაინდრავამ.
ხაინდრავას თქმით, ეს “ახალი ინიციატივები და გეგმები მოსკოვში იწერება“.
“ეს [შსკ] არ არის ის ადგილი, სადაც მოსკოვის ინიციატივებს იხილავენ. ჩვენ გვჭირდება გარანტია იმისა, რომ აქ არ იქნება გაგრძელებული ანექსიის პროცესი და ზუსტად ეს გარანტია უნდა მოგვცეს რუსეთმა. არანაირი სხვა დოკუმენტი აქ მიღებული არ იქნება“, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
ხაინდრავას განცხადებით, თბილისს რუსული მხარის მოქმედებები არ აძლევს იმის საფუძველს, რომ რუსეთი სტაბილურობის გარანტად და კონფლიქტში შუამავლად განიხილოს. “ვფიქრობს, რომ ქართველებს და ოსებს თავად შესწევთ უნარი მოაწესრიგონ არსებული პრობლემები“, – განაცხადა ხაინდრავამ.
შსკ–ს სხდომის მიმდინარეობისას კიდევ ერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, შსკ–ს ჩრდილოეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარემ თეიმურაზ კუსოვმა უარი თქვა ამ თანამდებობაზე. მას ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მურატ ტხოსტოვი შეცვლის, იტყობინება 12 მაისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.