ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა მის კუთვნილ ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ იგი დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება და მოახსენებს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დღესდღეობით ბიზნესმენებს აწუხებს ქვეყანაში.
დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტთან პირველია მას შემდეგ, რაც 29 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციაში გამოსვლისას ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლის გამო მწვავედ გააკრიტიკა.
“განწყობა არის ისეთი, რომ უბრალოდ კი არ გავაკრიტიკოთ, არამედ მოვეხმაროთ ხელისუფლებას, დავსახოთ ერთობლივად პრობლემის გადაჭრის გზები“, – განაცხადა პატარკაციშვილმა, თუმცა დასძინა, რომ “მე იგივე პრინციპებზე ვდგავარ, რაზეც ვისაუბრე ბიზნესფედერაციაში“.
მან დადებითად შეაფასა პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 10 მაისს მთავრობის სხდომაზე გააკეთა და რომელიც ხელისუფლების ბიზნესის საქმიანობაში ჩაურევლობას შეეხებოდა.
“მე ძალიან ოპტიმისტურად განმაწყო ამ განცხადებებმა… მე მგონია, რომ ეს ახლა საქმედ უნდა ვაქციოთ“, – განცხადა პატარკაციშვილმა.
იგი ასევე აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამოუკიდებელი არბიტრაჟის ინსტიტუტის აღდგენის საკითხი დააყენოს, რომელიც ხელისუფლებამ გასული წლის აპრილში გააუქმა.
“გვექნება სურვილი აღვადგინოთ დამოუკიდებელი არბიტრაჟი, რომელიც გადაწყვეტს დავას ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა 11 მაისს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ბადრი პატარკაციშვილმა.