სააკაშვილი: დსთ-დან გამოსვლა თვითმიზანს არ წარმოადგენს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 მაისს განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) შესაძლო გამოსვლის თაობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ დსთ-დან გამოსვლა თვითმიზანს არ წარმოადგენს.   


“მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებთ ფიქრს დსთ-დან გამოსვლის თაობაზე – და ეს არ არის თვითმიზანი, ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად – უკრაინამ ასევე გამოაცხადა, რომ ის განიხილავს ამ საკითხს და ჩვენ კონსულტაციებს ვატარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე“, – განაცხადა სააკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან არნოლდ რუუტელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.


“ამავე დროს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რუსულ ბაზარზე დაბრუნება და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და მაქსიმალურად გაუმჯობესება“, – დასძინა მან.

Exit mobile version