ხაინდრავა: აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები მანდატს ვერ ასრულებენ

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობოები მათზე დაკისრებულ მანდატს ვერ ასრულებენ.


“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანდატი არ სრულდება არცერთ პუნქტში, ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მათი [რუსი სამშვიდობოების] ყოფნა [კონფლიქტის ზონაში] არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ ეს გავაკეთეთ უკვე ცხინვალთან მიმართებაში და ამის სრული ანგარიში პარლამენტში წარვადგინეთ“, – განუცხადა “რუსთავი 2“–ს გიორგი ხაინდრავამ 10 მაისს.


პარლამენტმა რუსი სამშვიდობოების აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი შარშან ოქტომბერში მიღებული დადგენილების მიხედვით, მთავრობის მიერ 1 ივლისამდე წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე 15 ივლისისთვის უნდა განიხილოს. ამავე დადგენილებით, მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა 1 მაისამდე უნდა წარედგინა, თუმცა გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.


“ჩვენ მაისის ბოლო კვირას წარვუდგენთ ამ გეგმას პარლამენტს, რომლის ძირითადი პრინციპებიც უკვე გავაცანით პარლამენტის ხელმძღვანელობას“, – განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას“ პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ.


მისი ინფორმაციით, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ამ სტრატეგიაში, რომელიც ძირითადად საქართველოს მთავრობის პოზიციას გამოხატავს, ერთ–ერთი დებულება ერთობლივი ქართულ–აფხაზური სამშვიდობო გეგმის შემუშავება იქნება, რაზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.


“როგორც მოგეხსენებათ, აფხაზურმა მხარემ უკვე წარმოადგინა კონფლიქტის დარეგულირების ხედვა. ალბათ საბოლოოდ ამ ორის გეგმის შეჯერება მოხდება“, – განაცხადა ალასანიამ.


თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია რა ფორმატით წარიმართება პარლამენტში ოქტომბრის დადგენილებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის პროცედურა, მითუმეტეს, რომ დღის წესრიგში შესაძლოა საქართველოს დსთ–დან გამოვლის საკითხიც დადგეს. სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით მოღვაწეობს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტი.


“საშვიდობოების საკითხი პარლამენტის დადგენილების მიხედვით განსახილველი გვაქვს ივლისში, მე იმედი მაქვს, რომ ამ დროისათვის ჩამოყალიბებული იქნება უკვე მთავრობის პოზიცია დსთ–დან გამოსვლაზეც და აფხაზეთის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებითაც და ვფიქრობს, რომ უპრიანი იქნებოდა ეს სამივე საკითხი კომპლექსურად მოისმინოს პარლამენტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა 10 მაისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

Exit mobile version