სააკაშვილი: რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დროებითი მოვლენაა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე საქართველო საერთო ენას მაინც გამონახავს რუსეთთან.


ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.


“სამწუხაროდ ზოგიერთმა წარმომადგენელმა ამ ქვეყნის [რუსეთის] მიიღო გადაწყვეტილება გაატაროს საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ეკონომიკური ზომები. ამ ზომების მიზანი არის, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იცხოვროს უფრო ცუდად. ამ ზომების მიზანი არის, რომ გაგვიძვირონ დენი, გაგვიძვირონ გაზი, გააუარესონ ჩვენი ყოფა-ცხოვრება და საქართველოს მთავრობას შეუწყვიტონ შემოსავლები, რათა მან ვერ იზრუნოს საკუთარ ხალხზე, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ხალხთან მოვნახავთ საერთო ენას მითუმეტეს რუსებთან, იმიტომ  რომ  ჩვენ ერთად ვიბრძოდით ფაშიზმის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთის მეზობლები ვართ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს მიმდინარე პოლიტიკური მომენტი, ჩვენ მაინც განწირული ვართ იმისათვის, რომ ერთად ვიცხოვროთ – კეთილმეზობლურ, ნორმალურ ვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

Exit mobile version