პრეზიდენტი რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა  ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მან რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიაში დაადანაშაულა და ქვეყანას კონსოლიდაციისა და “ამ საფრთხის გაცნობიერებისკენ“ მოუწოდა.


ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრიაციულ სკოლაში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო “ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზე იმყოფება“.


“ჩვენ გვაქვს ისტორიული ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო დამკვიდრდეს როგორც ევროპული სახელმწიფო. ჩვენ კიდევ დიდი ბრძოლა გვაქვს გასავლელი, რომ დავმკვიდრდეთ ,როგორც ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველო დამკვიდრდეს როგორც ევროპული ქვეყანა, საქართველო უნდა იყოს მთლიანი.


“ის ხალხი, ვინც ებრძვის ჩვენს ევროპულ იდენტურობას, ვინც აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ ყოველდღიურ პროპაგანდისტულ ომს მთელ მსოფლიოში, ვისაც უნდა საქართველოს წარმოჩენა, როგორც არაცივილიზებული, სუსტი წარმონაქმნის, რომელიც დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებს და მალე მაინც აღარ იარსებებს, ეს ხალხი არის დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა. ეს ის ხალხია, ვინც ყოველდღიურად აწარმოებს ჩვენი ტერიტორიის მიტაცებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილის თქმით, როცა მან ვერტმფრენით გადაუფრინა შიდა ქართლის რეგიონს – რომელიც ოფიციალურად ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს – როდესაც თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა, მან მიიღო შეტყობინება მობილურ ტელეფონზე, რომლის შინაარსიც იყო “მეგაფონი [რუსეთის მობილური სატელეფონო ოპერატორი] მოგესალმებათ რუსეთში“. 


“ეს არის ანექსიის ძალიან კლასიკური მაგალითი. ეს არის სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს არაცივილიზებული ანექსია… ძალიან სერიოზული ძალები რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამონტაჟებენ სატელეფონო სადგურებს, შექმნილია სასაზღვრო დეპარტამენტი ე.წ. საქართველო-ოსეთის საზღვრის დასაცავად, ე.წ. ალანიას საზღვრის დასაცავად, რომელშიც პირველი 25 ოფიცერი არის რუსეთიდან დანიშნული, პირდაპირ რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომელი, იცით, რომ მთელი მთავრობა ე.წ. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არის მთლიანად რუსეთის ფედერაციის მიერ დანიშნული“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“საქართველოს ტერიტორიის მიტაცება და ანექსირება ხდება რუსეთიდან“, – დასძინა მან.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ღვინის იმპორტის აკრძალვის გზით, რათა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს, რასაც მოყვება საქართველოში მმართველი რეჟიმის შეცვლა.


“ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ ერთი, რომ საქართველოში იყოს შიმშილი. ეს ძალიან კარგად გაახმოვანა ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა [სააკაშვილმა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა]: მე არ მესმის ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში და რატომ არ ამხობს საკუთარ მთავრობას. ამის [რუსეთის პოლიტიკის] მიზანი არის ერთი: საქართველოში იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც არის ბოლო შანსი იმისათვის, რომ საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან მოუწოდა ქვეყანას “გამოფხიზლდეს“ და გააცნობიეროს ის საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.


“დღეს, ყველა ჩვენგანი, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, მიუხედავად შეხედულებებისა, მიუხედავად წარმომავლობისა, მათ შორის ეთნიკური წარმომავლობისა, ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დამოუკიდებლობა და მომავალი. დროა ყველამ გამოიღვიძოს და გადავიდეთ ამ წვრილმანი კამათიდან და ქიშპობიდან ნამდვილი საფრთხეების გაცნობიერებაზე და ნამდვილი საფრთხეების ზუსტად შეფასებაზე. ნამდვილი საფრთხე არის ის, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა; მაგრამ ჩვენ არ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მოვახდინეთ სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. შარშან ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ზრდა 9,5%, რუსეთთან შედარებით 3,5%-ით მეტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ამავე დროს, სააკაშვილის თქმით, საქართველო არ არის დაავადებული “რუსოფობიით“. 


“ჩვენ გვსურს ინტენსიური დიალოგი რუსეთთან. ჩვენ გვინდა მეგობრობა რუსეთთან, რუსეთთან, რომელიც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

Exit mobile version