ახალი ამბები

პოლიციის სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

დღეს თბილისის ცენტრში შსს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგაზრდა პიროვნება გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაიჭრა.


შსს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ხორციელდებოდა ყაჩაღური ჯგუფის წევრების დასაკავებლად, რომლებიც ერთ-ერთი ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ. მისი ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა ჯგუფის ორი წევრი – ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი, ხოლო მესამე ბონდო (ბუბა) ბუთურიძე დაიჭრა.


“ჯგუფს ხელმძღვანელობდა რუსთავის მეორე კოლონიიდან სამი თვის წინ გათავისუფლებული ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც რუსთავის კოლონიაში იყო “მაყურებელი“. იგი არის კანონიერი ქურდის დავით ქურასბედიანის მეგობარი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ.


მისი თქმით, ეჭვმიტანილთა ავტომანქანიდან ამოღებული იყო ოთხი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციას ასევე ხელთ აქვს ყაჩაღური ჯგუფის სატელეფონო საუბრები, რომლის საფუძველზეც ჩატარდა სპეცოპერაცია.


სპეცოპერაციის გამო აღშფოთება გამოთქვეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ. მათი განცხადებით, თბილისის სანაპირო ქუჩაზე სროლა 4–5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 


თუმცა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდლემა 2 მაისს განაცხადა, რომ სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს იქ, “სადაც აღმოჩნდებიან დამნაშავეები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button