თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 1 მაისს განაცხადა, რომ იგი თანამდებობას დატოვებს, თუ საქართველო 2007 წლის 1 იანვრისთვის ვერ შეძლებს ცხინვალის რეგიონზე კონტროლის აღდგენას.
“თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
“მიმდინარე წელს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება; ესენია: დიდი რვიანის შეხვედრა და ნატოს სამიტი ნოემბერში და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ჩვენი მეგობრების დახმარებით და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – დასძინა ოქრუაშვილმა.
2005 წლის დეკემბერში ირაკლი ოქრუაშვილმა ანალოგიური განცხადება გააკეთა და განუცხადა ტელეკომპანია “იმედს“, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთზე კონტროლს 2007 წლის 1 იანვრისთვის აღადგენს.
ოქრუაშვილმა კატეგორიულად უარყო ვარაუდები მის შესაძლო დასახელებაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
“ჩემი მთავარი მიზანი, ჩემი მიზანი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისა, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამაზე ღირებული მიზანი არ გამაჩნია და როგორც კი ეს ორი პრობლემა [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები] მოგვარდება, მე პოლიტიკაში აღარ დავრჩები“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქ შოუში “პირველები“.