საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 1 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები “პროვოკაციებს გეგმავენ“ ახალქალაქში, რათა იქიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესი შეაფერხონ.
“3 მაისს ახალქალაქში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იგეგმება, რაც მიზნად ისახავს რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის პირველი ეტაპის შეფერხებას. ამ აქციის ორგანიზატორები არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქ შოუში “პირველები“.
25 აპრილს ახალქალაქში უკვე გაიმართა მცირე აქცია რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო უწყებამ 26 აპრილს განაცხადა, რომ ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა ამ საპროტესტო აქციამ შეაფერხა.