ხაინდრავა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ საუბრობს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით თურქეთში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა.


სახელმწიფო მინისტრი 16-21 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, სადაც დაახლოებით 35 ათასი მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს და შეხვედრები გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.   


ხაინდრავას თქმით, თურქეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ფინანსური დახმარება გაუწიოს რეპატრიაციის პროცესში.


“მარტო საქართველოს ბიუჯეტიდან ეს პროცესი ვერ დაფინანსდება, თუმცა სახსრები გათვალისწინებული იქნება“, – განაცხდა გიორგი ხაინდრავამ.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებისათვის პირველ ეტაპზე დემოგრაფიული რუკა და საინფორმაციო ბანკი შეიქმნება, სადაც თავს მოიყრის დეტალური ინფორმაცია მაჰმადიანი მესხების შესახებ.


“რეპატრიაცია უნდა განხორციელდეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და არა მხოლოდ მესხეთში… ყველა, ვინც თვლის საქართველოს თავის სამშობლოდ, უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ. 
 
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია საქართველოში დაბრუნებას, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, რამდენი ადამიანი მოისურვებს. “ამას გავიგებთ მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება დაიწყება“, – დასძენს ხაინდრავა.

ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია 2011 წლამდე უნდა განახორციელოს, თუმცა მანამდე, პროცესის დაწყებისთვის შესაბამისი კანონმდებლობა უნდა შეიქმნას.  

Exit mobile version