პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების გამო მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარების პროგრამა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ფენების სუბსიდირების მიზნით, პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.
“სამწუხაროდ, დღის წესრიგში დგას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და პრეზიდენტის დავალებაა უპირველეს ყოვლისა ისეთი მექანიზმი იქნას შემუშავებული, რომლითაც ის, ვინც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ნაკლები გადაიხადოს და რაც მთავარია, გაჭირვებული მოსახლეობისთვის [ელექტროენერგიის ტარიფი] პრაქტიკულად დარჩეს იგივე [სუბსიდირების ხარჯზე]“, – განაცხადა 26 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის თუ რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის ტარიფი. ამის შესახებ ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისია უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.