გალში ქართულის სწავლების აკრძალვის წინააღმდეგ პარლამენტში პრევენციული განცხადებები გაკეთდა

დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა პლენარულ სხდომაზე ქართული მხარის მკაცრი პოზიცია გამოხატა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.


გრიგალაშვილის განცხადებით, ჯერ–ჯერობით სოხუმს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ 12 მაისს სოხუმში დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე იგეგმება.


“ჩვენ ამ განცხადებებს პრევენციის მიზნით ვაკეთებთ. პარლამენტი დაიცდის და თუ ასეთ მძიმე შეცდომას დაუშვებს სოხუმი, დაუყოვნებლივ გაკეთდება მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა 26 აპრილს ნოდარ გრიგალაშვილმა.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, “თუკი 1 სექტემბრიდან გალის რაიონში ქართულის სწავლება აიკრძალება, ეს იქნება ეთნიკური წმენდის გაგრძელება, რომელიც აფხაზეთში ხდებოდა და კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ამ ფაქტზე“.


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას ინფორმაციით, კომისიამ წერილი გაუგზავნა გაეროს მისიას საქართველოში და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, სადაც გალში ქართულის სწავლების შესაძლო აკრძალვა დაგმო.

Exit mobile version