დღეს, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და თბილისში ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ანდრანიკ მანუკიანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სომხეთმა საქართველოსთვის ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებზე დაწესებული გადასახადი გააუქმა.
თბილისმა ერევანს ანალოგიური გადასახადი 2005 წლის დასაწყისში მოუხსნა. საგზაო ფონდის გადასახადს სომხეთს უცხო ქვეყნის სამგზავრო და სატვირთო გადამზიდავი 280 აშშ დოლარს უხდიდა, ხოლო მსუბუქი ავტომობილის მფლობელი – 20 აშშ დოლარს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადების გაუქმება საშუალებას მისცემს სამგზავრო, სატვირთო გადამზიდავებს და მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განახორციელონ გადაზიდვები საქართველოდან სომხეთში და პირიქით.
“მოხარული ვარ, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი საქართველო-სომხეთს შორის უმოკლეს ვადაში მოწესრიგდა ”- განაცხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.