სერგეი შამბა: აფხაზეთს ნატოს პარლამენტარები ეწვევიან

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 6 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვევა, იტყობინება “აფსნიპრესი“ 19 აპრილს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


შამბას თქმით, დელეგაციის წევრებმა, რომლებიც აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდებიან, სურვილი გამოთქვეს გუდაუთის სამხედრო ბაზა მოინახულონ.


“აფხაზურ მხარეს ჯერ არ მიუცია თანხმობა ამ სამხედრო ბაზის მონახულებასთან დაკავშირებით, რადგანაც ბაზის ტერიტორია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება და ეს საკითხი მათთან [რუსულ მხარესთან] უნდა შეთანხმდეს“, – განაცხადა შამბამ.


თბილისი გუდაუთის ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას მოითხოვს იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთმა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულება შეასრულა და ბაზა გაიყვანა საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონიდან.


ცოტა ხნის წინ “აფსნიპრესი“ აფხაზეთში რუს სამშვიდობოთა მეთაურის სერგეი ჩაბანის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამჟამად გუდაუთის ბაზაზე განლაგებულია სამშვიდობოების კუთვნილი 4 ვერტმფრენი და 130 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მანდატის შესაბამის ამოცანებს ასრულებენ. 

Exit mobile version