გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 17 აპრილს რუსულ გაზეთ “კომერსანტ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ყოფნა მისთვის “უფრო სასიამოვნოა“, ეს არ ნიშნავს, რომ “ხვალ ან თუნდაც დღეს“ ის პოლიტიკაში წასვლას არ გეგმავს.
გამომცემლობა “კომერსანტის“ და ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელის ბადრი პატარაკაციშვილის ინტერვიუ რუსულმა გაზეთმა ლონდონში ჩაწერა, რასაც წინ უძღოდა ბიზნესმენის მიერ გამოთქმული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბიზნესზე და მის ტელეკომპანიაზე ზეწოლის გამო.
“მე კვლავ მხარს ვუჭერ იმ კურსს, რომელიც ხელისუფლებამ [ვარდების] რევოლუციის შემდეგ აირჩია. თუმცა, ფორმები და მეთოდები, რომლებსაც ამჟამად მთავრობა იყენებს, იმედს არ იძლევა, რომ მათი მიზნები მიღწეული იქნება“, – განუცხადა პატარკაციშვილმა “კომერსანტს“.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დაფარვის მცდელობის გამო. “თუ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი დაიცვას მოქალაქის სიცოცხლე, და უფრო მეტიც, ცდილობენ დაფარონ დანაშაული, ჩემთვის, ეს აღარ არის ხელისუფლება, ვისიც მე, მილიონობით ქართველთან ერთად, ორი წლის წინ მჯეროდა“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.
პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან, თან იქვე დასძინა, რომ ამაში დიდი წვლილი ზურაბ ჟვანიამ შეიტანა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ბიზნესწრეები ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.
პატარკაციშვილის თქმით, მისი პროტესტი ზურაბ ჟვანიას “უცნაური სიკვდილის“ შემდეგ მზარდი გახდა. მისი განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ამ დანაშაულის “დაფარვის მცდელობა“ კრიტიკული წერტილი იყო.
პატარკაციშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი მისი უთანხმოებისა საქართველოს ხელისუფლებასთან არის ის, რომ “მათ არ უნდათ, რომ მე პოლიტიკაში ჩავერთო“.
მან ასევე აღნიშნა, რომ “ხელისუფლებას სურს, რომ ტელეკომპანია “იმედმა“ დაფაროს მოვლენები, რადგანაც ეს მათთვის უფრო მისაღებია“.
“ის ფაქტი, რომ მე ტელეკომპანიის მფლობელი ვარ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, უკვე ნიშნავს, რომ მე მონაწილეობას ვიღებ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკა არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორსაც ბიზნესი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, ან თუნდაც დღეს, მე არ ჩავერთვები პოლიტიკაში და არავის აქვს უფლება დამიშალოს ამის გაკეთება“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არ ეშინია [მიხეილ] ხოდორკოვსკის გამოცდილების. რუსეთის ნავთობკომპანია “იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი ამჟამად რუსეთის ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდის ფინანსური მაქინაციების და გადასახადების დაფარვის ბრალდებით.
“ეს [ხოდორკოვსკის გამოცდილება] საკმაოდ მეხმარება“, – დასძინა პატარკაციშვილმა.