საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 11 აპრილს პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს შეხვდა, სადაც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები განიხილეს, იტყობინება ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua.
მოლაპარაკებების დროს ჩინეთის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა, თან იქვე დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა ხელს შეუწყობს ჩინურ კომპანიებს გაზარდონ ინვესტირება საქართველოში.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს მთავარ საკითხებში, როგორიცაა სახელმწიფო დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დიდ ყურადღებას ვაქცევთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ჯანმრთელი და სტაბილური ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის კონსულტაციების გამართვა საკითხებზე, როგორიცაა გაეროსთან დაკავშირებული საკითხები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, სეპარატიზმი და ექსტრემიზმი მსოფლიოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.
ამის საპასუხოდ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას “სანდო და კარგ პარტნიორებად“ აქცევს.
მოლაპარაკებების შემდეგ ორმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე.