ბურჯანაძე: ოპოზიციის ულტიმატუმის ტონი მიუღებელია

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმის სახეს მიიღებს, ეს პოზიტიურ შედეგებს არ მოიტანს.


“თუ იქნება კონკრეტული კონსტრუქციული საკითხები დაყენებული, ყველა ამ საკითხის განსახილველად ჩვენ მზად ვართ, მაგრამ თუ იქნება ულტიმატუმის დაყენება და მოთხოვნების შესრულება, ეს ნამდვილად არ გამოიწვევს არანაირ პოზიტიურ შედეგებს“, – განუცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მან ორი დღის განმავლობაში ცალკ–ცალკე კონსულტაციები გამართა  ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც 31 მარტიდან პოლიტიკური ბოიკოტი დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გამოაცხადეს და ამჟამად, მემორანდუმს ამზადებენ, სადაც მათი მოთხოვნები აისახება ხელისუფლების მიმართ.  


“მე, რა თქმა უნდა, მივესალმები ბოიკოტის შეწყვეტას, რადგან დიალოგის რეჟიმში უკეთესია მუშაობა, ვიდრე ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პარლამენტი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი საკითხები განსახილველი… პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც დაუჭერს უმრავლესობა მხარს და ქვეყნისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა 6 აპრილს ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version