ოპოზიციის მემორანდუმი 11 აპრილამდე მზად იქნება

დღეს ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მემორანდუმის ძირითად პრინციპებზე სამივე ოპოზიციური ფრაქცია შეთანხმებულია, თუმცა დარჩენილია ტექნიკური დეტალების შეთანხმება, რაზეც კონსულტაციები კვლავ გრძელდება.


“სამშაბათამდე ანუ პლენარული სხდომების დაწყებამდე მემორანდუმი უკვე მზად იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მანამდეც მზად იყოს და ხელი მოვაწეროთ“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 6 აპრილს დავით ზურაბიშვილმა.

მემორანდუმის მომზადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 31 მარტს სამმა ოპოზიციურმა ფრაქციამ  – დემოკრატიულმა ფრონტმა, ახალმა მემარჯვენეებმა და მრეწველებმა ოპოზიციუნერი დეპუტატისთვის ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პროტესტის ნიშნად პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადეს.


დავით ზურაბიშვილმა მემორანდუმის შინაარსზე საუბრისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიციის სურვილია მოთხოვნები კონკრეტული იყოს და არსებით ხასიათს ატარებდეს, “რათა დიალოგი უმრავლესობასთან რეალური იყოს“.


გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმში ოპოზიციის შემდეგი მოთხოვნები აისახება: შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია და მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადადგომა; საარჩევნო კოდექსში ცვილილებები და მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.


“მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნა, რაც ჩვენი ბოიკოტის გამოცხადებამდეც იდგა დღის წესრიგში [სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო], აუცილებლად აისახება მემორანდუმში, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით რა ფორმით – იქნება ეს ცალკე მოთხოვნის სახით თუ პრეამბულაში“, – განაცხადა 6 აპრილს დავით ზურაბიშვილმა.


დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტრუქციული დიალოგის სურვილს გამოთქვამს, ოპოზიციასთან შეხვედრებზე “არაფერი კონკრეტული წინადადება მისგან არ წამოსულა“.

Exit mobile version