აშშ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტების ხელშეწყობაზე ამახვილებს ყურადღებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის მხარდამჭერი 2005-2006 წლის მოხსენების თანახმად, საქართველოში აშშ-ს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების ხელშეწყობაზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ფუნდამენტალურ თავისუფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე.   


განსხვავებით მისი ყოველწლიური რეგიონალური მოხსენებებისა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ეს უკანასკნელი მოხსენება “ყურადღებას ამახვილებს აშშ-ს მცდელობებზე ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვას და დემოკრატიას მხოლოდ 95 ქვეყანასა და ერთეულში – იქ, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას“.


“საქართველო განაგრძობს ამბიციურ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუციებისა და პროცესების გასაძლიერებლად, მათ შორის ადამიანის უფლებებათა დარღვევების შესამცირებლად. შესაბამისად, ზოგიერთ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვა გაუმჯობესდა, თუმცა სერიოზული პრობლემები კვლავ არსებობს“, – ნათქვამია მოხსენებაში.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ “აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი ხელს უშლის დაახლოებით 230,000 იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციას, ხოლო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეწინააღმდეგება 12,767 ეთნიკური ქართველის დაბრუნებას“.


“ამერიკის შეერთებული შტატები რეგულარულად მუშაობდა ქართველ დევნილებთან კონფლიქტის შემცირების და დახმარების საკითხების შესწავლის მიზნით და ასევე დაიწყო საცხოვრებელი პროგრამის განხორციელება, რომელიც შესაძლებელია დევნილების დაბრუნების მოდელად იქცეს“, – ნათქვამია მოხსენებაში.

Exit mobile version